ენის ცოდნის შეფასება – CEFR

გაინტერესებს, როგორ ფასდება ენის ცოდნის დონე, სად ხარ შენ და სადამდე გსურს ან გჭირდება, რომ მიხვიდე?

ენის ფლობის დონე

The Common European Framework of Reference for Languages (CEFR) – ეს არის ენობრივი შესაძლებლობის დასახასიათებელი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც აღწერს ენის ფლობას შვიდდონიანი შკალით.

ეს დონეებია:

  • pre A1 – Starter (დამწყები)
  • A1 – Beginner (ელემენტარული დონე)
  • A2 – Pre-intermediate (საშუალოზე დაბალი დონე)
  • B1 – Intermediate (საშუალო დონე)
  • B2 – Upper-Intermediate (საშუალოზე მაღალი დონე)
  • C1 – Advanced (მაღალი დონე)
  • C2 – Mastery (პროფესიონალური დონე)

რა შესაძლებლობები აქვს A1 დონეზე მყოფ პირს:

  • ლექსიკური მარაგი მოიცავს დაახლოებით 700 სიტყვას
  • შეუძლია საკუთარი თავის წარდგენა მარტივი სიტყვებით
  • შეუძლია გაიგოს და გამოიყენოს ყოველდღიური ჩვეული ფრაზები
  • უჭირს საუბრისას საჭირო სიტყვების გახსენება.

რა შესაძლებლობები აქვს A2 დონეზე მყოფ პირს:

  • ლექსიკურ მარაგშია დაახლოებით 1500 სიტყვა
  • შეუძლია ჩაერთოს ყოველდღიურ საუბრებში მარტივი ფრაზებით და გაიგოს მოსაუბრისგან ასეთივე მარტივი სიტყვებით აწყობილი წინადადებები ყოველდღიურ ნაცნობ თემებზე
  • შეუძლია გრამატიკულად სწორად გამოიყენოს წარსული, აწმყო და მომავალი დროები
  • დაწეროს და წაიკითხოს მარტივი ტექსტები გადმოცემული ყოველდღიურობაში აქტიურად გამოყენებადი სიტყვებით.

რა შესაძლებლობები აქვს B1 დონეზე მყოფ პირს:

  • ლექსიკური მარაგი გაზრდილია დაახლოებით 2500 სიტყვამდე
  • უკვე შეუძლია გაუმკლავდეს ისეთ სიტუაციებს, სადაც საჭიროა წინასწარ დაუგეგმავ საუბრებში ჩართვა, ისეთი დიალოგების წარმართვა, რისი საჭიროებაც არის მაღაზიაში, რესტორანში. თუმცა საუბარი ჯერ კიდევ ნელია და გარკვეული სირთულეები მაინც ახლავს თან.
  • შეუძლია უყუროს სატელევიზიო გადაცემებს სუბტიტრების დახმარებით
  • შეუძლია დაწეროს მარტივი ტექსტი ჩვეულ და ნაცნობ თემებზე.

რა შესაძლებლობები აქვს B2 დონეზე მყოფ პირს:

  • ლექსიკურ მარაგში შედის დაახლოებით 4000 სიტყვა
  • ამ დონეს უკვე ახლავს თავდაჯერებულობა და კარგი კონტროლი ენაზე საუბრის, წერის, კითხვის, მოსმენის დროს
  • შესაძლებელია საუბარს ახლდეს აქცენტი და ვერ შეძლოს ფილოსოფიაზე მსჯელობა, თუმცა უკვე შეუძლია ამ ენაზე იმუშავოს ან ისწავლოს, თავისუფლად და კომფორტულად იცხოვროს უცხო ქვეყანაში
  • შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში, დააფიქსიროს თავისი აზრი, წამოაყენოს არგუმენტები
  • შეუძლია თავისუფლად გაიგოს ნორმალური ტემპით წარმართული მეტყველება ასე თუ ისე ნაცნობ და ჩვეულ თემებზე
  • შეუძლია მთავარი აზრის გამოტანა კომპლექსური ტექსტებიდან.

რა შესაძლებლობები აქვს C1 დონეზე მყოფ პირს:

  • ლექსიკური არსენალი შედგება დაახლოებით 8000 სიტყვისგან
  • შეუძლია ისაუბროს მარტივად და გაიგოს თითქმის სრული ენა თავისი ნიუანსებით
  • გამოხატოს საკუთარი აზრი მრავალფეროვანი ფრაზებით მშობლიური ენის დონეზე
  • გაიგოს და დაწეროს ვრცელი ტექსტები არაყოველდღიურ და არაჩვეულ თემებზეც.

რა შესაძლებლობები აქვს C2 დონეზე მყოფ პირს:

  • ლექსიკურ მარაგშია 16000-ზე მეტი სიტყვა
  • ენას ფლობს თითქმის მშობლიურ დონეზე
  • შეუძლია წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი ნებისმიერ თემაზე ყოველგვარი ბარიერების გარეშე.

შეამოწმე შენი ცოდნის დონე ინგლისურ ენაში ჩვენი ონლაინ ტესტის დახმარებით: